აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად, ზემო აჭარაში, სხალთის ეპარქიაში გამართულ საყოველთაო ნათლობის ცერემონიას დაესწრნენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აჭარაში, სხალთის ეპარქიაში, სოფელ ხიჭაურში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში, 1300 - ზე მეტი ადამიანი მონათლა და ახალნათლულები დალოცა. აღსაყდრების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობდა.
უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ქადაგებისას მან ხაზი გაუსვა საქართველოს გაქრისტიანების ისტორიაში აჭარის განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში პირველ საუკუნეში სწორედ აჭარას უკავშირდება. პატრიარქმა ასევე გაიხსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ჩატარებული საყოველთაო ნათლობები და რწმენის განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შიო III-მ აღნიშნა, რომ დღეიდან კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა ექნება აჭარასთან, რადგან ამდენი ადამიანის ნათლია გახდა.
საყოველთაო ნათლობის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და აჭარის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.




































