საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

21.ოქტომბერი.2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
 
კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე დასრულდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცედურები და მომზადდა შესაბამისი დასკვნები.
 
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის აღნიშვნით, ბიუჯეტის ცვლილების უმთავრესი მიზანი იმ მოქალაქეთა მხარდაჭერაა, რომლებიც ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებენ. ამასთან, გათვალისწინებულია ციტრუსის სეზონზე ფერმერთა სუბსიდირება, რაც, ასევე, მეციტრუსეთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
 
ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.
 
ამასთანავე, კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფატი ხალვაშის არჩევის შესახებ. აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევაზე უარი განაცხადა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ნინო ჩხეტიამ.
 
სხდომის დასასრულს განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის თარიღი და დღის წესრიგი. ცოტნე ანანიძის განცხადებით, სხდომა 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე წარადგენს.
სურათები