საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

20.ოქტომბერი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - გიორგი ფანცხავა, დარგის სპეციალისტები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბოტანიკური ბაღების ფუნქციონირების მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. მომხსენებელმა ზურაბ მანველიძემ ბოტანიკური ბაღების სამეცნიერო, ეკოლოგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების საკითხებზე. აღინიშნა ბოტანიკური ბაღების როლი მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნებაში. 

საბჭოს წევრებმა, ასევე იმსჯელეს აჭარაში მეფუტკრეობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა რევაზ თურმანიძემ გასულ წელს რეგიონში წარმოებული და ექსპორტირებული თაფლის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვას, მათ შორის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

მომხსენებელთა ინიციატივებისა და კითხვა-პასუხის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმოდგენილ წინადადებებსა და ხედვებზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება. მიზანი პოზიციების შეჯერება და საერთო ხედვის ჩამოყალიბებაა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს წარედგინება.

სურათები