აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან, განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, პროექტის „ეკომეგობრული აჭარა“ პრეზენტაციას დაესწრო.
პრეზენტაციაზე, ცოტნე ანანიძემ, გარემოს დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ბოლო წლებში, საქართველოს პარლამენტის ჩართულობით, საკანონმდებლო რეგულაციებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რაც მეწარმეებს გარემოს დაცვის მიმართულებით კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას აკისრებს. თუმცა, გარემოს სრულფასოვანი დაცვისთვის აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობაც. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების, რეგიონული ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების გაერთიანებას საერთო მიზნის მისაღწევად. გარემოზე ზრუნვა სახელმწიფოსა და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა, რომლის შესრულებაც მაღალ სამოქალაქო თვითშეგნებასა და ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ღონისძიება, რომელსაც აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობას და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. პროექტს საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესი“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში შერჩეულ 36 სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართება. სკოლებში ელექტრონარჩენების შესაგროვებელი ინფრასტრუქტურა განთავსდება, მოსწავლეები კი ელექტრონარჩენების შეგროვებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთვებიან. გამარჯვებულები ის სკოლები გახდებიან, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს შეაგროვებენ. ამასთან, მოსწავლეები, გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სოციალურ კამპანიას განახორციელებენ.
ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვასა და გარემოს დაცვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას

























