საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19.ოქტომბერი.2026

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტის ცვლილება, ძირითადად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებაზეა ორიენტირებული  და ონკოლოგიური, კარდიოლოგიური, ქირურგიული პროგრამების, ასევე მაღალი სიზუსტის კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის თანახმად, ამ მიზნით, 10 მილიონ ლარზე მეტი  ემატება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტი  97 000 000 მილიონი ლარით განისაზღვრება. შედეგად, 10 ათასზე  მეტ მოქალაქეს საშუალება ექნება ისარგებლოს შესაბამისი სამედიცინო სერვისებით.

კანონის პროექტის თანახმად, 2026 წლის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 002 000 000 ლარია.  ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების ჯამური მოცულობა უცვლელი რჩება. პირველ და მეორე კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულების ფონზე, გაიზარდა საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000,0 ათასი ლარით. აღნიშნული ცვლილება სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებთან ერთად( 2 000,0 ათასი ლარი), სრულად ბალანსდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლის შესაბამისი მოცულობის შემცირებით.

ედნარ ნატარიძის განცხადებით, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო -  162 393 200 ლარი, განათლებისა და სპორტის სამინისტრო - 119 001 800 ლარი,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 97 000 000 ლარი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო - 40 939 600 ლარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო - 52 000 000 ლარი. 500 ათასი ლარით იზრდება სარეზერვო ფონდი, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე გაიხარჯება.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

სურათები