საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

18.ოქტომბერი.2026

ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

სამუშაოების მიმდინარეობას ასევე ესწრებოდნენ კურორტ გოდერძის დირექტორი ფრიდონ პაპიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა კურორტ გოდერძისა და მწვანე ტბის მიმდებარედ განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე მოინახულეს დანისპარაული–ველათი–მწვანე ტბის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი.

მწვანე ტბასთან დასრულდა 350-მეტრიანი მისასვლელი საავტომობილო გზისა და დაახლოებით 90-მეტრიანი ბილიკის მოწყობა. ასევე დაგეგმილია ტბის გარშემო ერთკილომეტრიანი ბილიკის მოწყობა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად გრძელდება კურორტ გოდერძიზე. მიმდინარე წელს დაგეგმილია საგამოფენო სივრცის, ავტოსადგურისა და ღია პარკინგის მოწყობის დასრულება. ამასთან, მიმდინარეობს 500-მეტრიანი შიდა გზის რეაბილიტაცია.

წლის ბოლომდე ასევე დასრულდება სათხილამურო ტრასის ღამის განათების პროექტირება და კურორტის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი წყლის რეზერვუარის მშენებლობა.

დასკვნით ეტაპზეა დანისპარაული–ველათი–მწვანე ტბის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც. 6,2-კილომეტრიან მონაკვეთზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი უკვე მოეწყო, დარჩენილი სამუშაოების დასრულება კი უახლოეს დღეებში იგეგმება. აღნიშნული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან აკავშირებს. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების გადაადგილების პირობებს.

სურათები