მაღალმთიან აჭარაში ტრადიციული დღესასწაული - „შუახევობა“ აღინიშნა. სახალხო ზეიმს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან - ომარ ტაკიძესთან, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ცოტნე ანანიძემ, სიტყვით გამოსვლისას, ქართული ტრადიციების, ეროვნული ღირებულებებისა და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს შუახევი საკუთარ თავს ხვდება - ხვდება წარსულს, ხვდება აწმყოს და ქმნის მომავალს. სწორედ ასეთი დღესასწაულები გვაძლევს საშუალებას, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობას. ამ არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო მაგალითი შუახევის შემოქმედებითი ანსამბლებია -„ჭვანა“, „ფესვები“, „ათინათი“, „მარეთი“ და სხვები, რომლებსაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ამ ფასეულობების შენარჩუნებისთვის. საქართველოს ძლიერი შუახევი და ძლიერი შუახეველები სჭირდება. გილოცავთ დღესასწაულს",- განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა შუახევის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ, რომელმაც საზოგადოებას სახალხო დღესასწაული მიულოცა.
„ეს დღესასწაული საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი მუნიციპალიტეტის პოტენციალის წარმოსაჩენად და იმ ადამიანების დასაფასებლად, ვისაც შუახევის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ჩვენს გამორჩეულ კუთხეს შემდგომ წინსვლასა და ახალ შესაძლებლობებს ვუსურვებ", - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. მოეწყო ადგილობრივი ტრადიციების, ეთნოგრაფიული ნიმუშების, სამუზეუმო ექსპონატებისა და შუახევის ამსახველი ფოტოების გამოფენა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ტრადიციულ სამზარეულოსა და დეკორატიულ კუთხეებს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი „საპატიო შუახეველების“ დაჯილდოებით გაგრძელდა.
გაიმართა ფოლკლორული და ვოკალური ანსამბლების კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. ასევე ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და მკლავჭიდში. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
„შუახევობის“ მიზანი ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ფოლკლორის განვითარება და მუნიციპალიტეტის კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა


























