საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

13.ოქტომბერი.2026
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში დაესწრო.
 
შეხვედრის მიზანი ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება იყო.
 
მონაწილეებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და სოციალური პროგრამების ექსპერტი სოფიო ბაკურიძე მიესალმნენ. მათ ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს გამოჯანმრთელებული პაციენტების ისტორიები და რეგიონის წამყვანი ონკოლოგებისგან პროფესიული რეკომენდაციები მიიღეს.
აჭარაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა დამსწრე საზოგადოებას „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე უფასო სკრინინგაქციები გააცნო.
 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე, მინისტრის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები.
 
ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციულ გამოკვლევებს ითვალისწინებს. სახელმწიფო ასევე აფინანსებს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობას, მათ შორის ქირურგიულ ჩარევას, მედიკამენტურ მკურნალობას, ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას.
 
მსოფლიოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს დაახლოებით 2,43 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. იგი ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. საქართველოში კი ძუძუს კიბო ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის სიმსივნეს წარმოადგენს.
სურათები