აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.
ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელი რჩება.
„აღნიშნული ცვლილება ოპტიმალურია და ბიუჯეტის შესრულების პროცესში მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. ცვლილების ფარგლებში 10 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვის მიმართულებით, კონკრეტული პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ონკოლოგიურ, კარდიოლოგიურ და ქირურგიულ მომსახურებას, ასევე მაღალი სიზუსტის კვლევების დაფინანსებას გულისხმობს. ეს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილება მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენი გუნდი მას დადებითად აფასებს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მზად არის, მოკლე დროში მხარი დაუჭიროს მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ინიციატივას“, — განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მარინე გვიანიძის განცხადებით, თანხების გადანაწილება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში არსებული რეზერვების ხარჯზე განხორციელდა.
დღევანდელ სხდომაზე ბიუროს წევრებმა 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს. საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 426 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გეგმის 103,8%-ს შეადგენს და, ფაქტობრივად, 10%-იან ეკონომიკურ და საინვესტიციო ზრდაზე მიუთითებს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა აღნიშნული საკითხები ცნობად მიიღეს და მხარი დაუჭირეს კომიტეტებში განხილვას.









