პეტრას ციხემ მუსიკალურ-შემეცნებით საღამოს „პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა“ უმასპინძლა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ პეტრას ციხის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პეტრას ციხეს ძალიან ბევრი ტკივილი ახსოვს, თუმცა ახსოვს გამარჯვებაც. ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ქართული სიტყვა სწორედ ამ ისტორიისა და ამ კედლების გამარჯვებისა და დიდების დასტურია.
პეტრას ციხე XXI საუკუნეშიც კვლავ საქართველოზე და ქართველობაზე საუბრობს.
დიდი მადლობა ორგანიზატორებს. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დიადი ისტორია არის პირობა, როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა, მშობელი ძლიერი და ღირსეული მომავლისა, რომელიც საქართველოს ისტორიულად ეკუთვნის“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
სტუმრების წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და მოწვეული სოლისტები წარდგნენ. წარმოდგენილი იყო პეტრას ისტორიის ამსახველი ფოტომასალა და არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები, რომლებიც ციხე-ქალაქის მდიდარ ისტორიულ წარსულს ასახავს.
ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით გაიმართა.
საღამოს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


























