აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა თურმანიძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს რთველისთვის მზადების პროცესის განხილვა, მისი ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა ყურძნის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის მიმართულებებზე, ასევე ფერმერების საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მევენახე ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ვენახების მდგომარეობას, მოსავლის ხარისხსა და ფერმერების საჭიროებებს. სტუმრები ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო KTW-საც ესტუმრნენ, სადაც ყურძნის მიღებისა და გადამუშავებისთვის საწარმოს მზადების პროცესს გაეცნენ.
მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამით 400-მდე მევენახე ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის თანადაფინანსება 800 000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდება საოჯახო ღვინის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენა.











