„განუსაზღვრელია მასწავლებლის როლი მომავლის ჩამოყალიბებაში - მომავალი, პედაგოგების გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს. სახელმწიფოს თვითმყოფადობას სწორედ საგანმანათლებლო ღირებულებები აძლიერებს. ჩვენი ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო დღემდე ოჯახმა, მეომრებმა, საქართველოს ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მასწავლებლებმა მოიტანა. სკოლების არსებობამ კიდევ უფრო განამტკიცა განათლება, ქართული სულისკვეთება და ჩვენი სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა, რომლის მარადიულობაშიც პედაგოგებს უდიდესი წვლილი მიუძღვით“,- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელით 5 ღვაწლმოსილი და დამსახურებული მასწავლებელი, ხოლო რესურსცენტრის მადლობის სიგელებით - მუნიციპალიტეტის 49 სკოლის პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
მასწავლებლებს დამსახურებული ჯილდოები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფატი ხალვაშმა, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ - სოფიო ბაკურიძემ, ქობულეთის მერმა - ირაკლი ცეცხლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს და არაერთი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის მადლობა გადაუხადეს.
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელთა მიზანი პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასება, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარება და წახალისებაა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

























