ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, ცოტნე ანანიძე , ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და საქართველოს გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან ერთად, საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს „სოფიკო 90“ დაესწრნენ.
ლეგენდარული მსახიობის ვაჟის, ნიკუშა შენგელაიას მიერ ორგანიზებულ საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც მაყურებელს სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უცნობი ისტორიები გააცნო.
საიუბილეო პროგრამაში ქართული სცენისა და მუსიკის ცნობილი შემსრულებლები, მომღერლები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. მათ მაყურებელს საკულტო ქართული ფილმებიდან სპეციალურად მომზადებული ნომრები წარუდგინეს, საღამოს მუსიკალურ გაფორმებას კი ბენდი და ორკესტრი, მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფდნენ.
საიუბილეო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ლეგენდარული მსახიობის შემოქმედების თაყვანისცემლები.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის სივრცეში ასევე მოეწყო ექსკლუზიური ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იყო მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი იშვიათი საარქივო ფოტოები.










































