აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის მე-6 საჯარო სკოლის მეათეკლასელებს შეხვდა. მოსწავლეები, საკანონმდებლო ორგანოს, პროექტის - „გადაწყვეტილებების მიღების თავისებურებები პოლიტიკურ პროცესებში“ ფარგლებში ეწვივნენ.
ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, მასთან დაკავშირებული პრეისტორიული მოვლენები, სახელისუფლებო შტოები, მათ შორის დაბალანსებული და კოორდინირებული ურთიერთობები, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ქვეყნის როლი - იმ საკითხთა მცირედი ჩამონათვალია, რომელზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ისაუბრა.
ცოტნე ანანიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურაზე, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და სპეციფიკაზე.
„ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათი მოსაზრებების მოსმენა-გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მსგავს შეხვედრებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრამდე, მოსწავლეები მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიას, თავად ცენტრისა და ონლაინპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის სერვისებს, დაათვალიერეს შენობა, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.














