ბათუმი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს სახელწოდებით - „ტრანსსასაზღვრო მეცნიერება უფრო სუფთა და მდგრადი შავი ზღვისთვის“.
CARE SEA პროექტის ფინალური სამეცნიერო ფორუმის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მარინე გვიანიძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
კონფერენციაზე, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ - თამარ სირაძემ გახსნა, CARE SEA-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი კვლევების შედეგები, მიღებული გამოცდილება და შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
CARE SEA პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მდინარე ჭოროხის ჭარბტენიან ჰაბიტატებში მიკროპლასტიკით დაბინძურება შეისწავლა. კვლევა მოიცავდა ჭოროხის დელტასა და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებს, სადაც მკვლევრებმა მიკროპლასტიკების გავრცელება და სხვა დამაბინძურებლების არსებობა შეისწავლეს.
პარალელურად, კვლევები ჩატარდა მდინარე ჭოროხის თურქეთის ნაწილშიც, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოსა და თურქეთში მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი და დაბინძურების წყაროების, ასევე, თითოეული ქვეყნის წვლილის შეფასება.
ღონისძიება, ერთ სივრცეში აერთიანებს პროექტის პარტნიორებს, მკვლევრებს, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, დაცული ტერიტორიების ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და სტუდენტებს.
CARE SEA-ის პროექტის წამყვანი პარტნიორი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტია, პარტნიორები - მოლდოვას, თურქეთის, საბერძნეთისა და რუმინეთის საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები.
პროექტის დასრულების შემდეგ, პარტნიორმა ორგანიზაციებმა, სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს



















