საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა - შიო III-მ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
მსახურებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
„აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი, კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრების, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები“, - აღნიშნა ქადაგებისას მისმა უწმინდესობამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აჭარის სულიერ როლზე, ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა. ხოლო, მიტროპოლიტ დიმიტრის, ეპარქიაში 30-წლიანი მოღვაწეობისთვის, მათ შორის, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, ინტრონიზაციის შემდეგ, პირველად ჩამობრძანდა აჭარაში.
როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი










































