საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19.სექტემბერი.2026

„ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში, სოფელ სინდიეთში, სახალხო დღესასწაული -„მაჭახლობა 2026“ აღინიშნა. ღონისძიებას, რომელიც ხეობის მდიდარი კულტურის, ტრადიციებისა და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელვაჩაურის მერთან - ზაზა დიასამიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

„მოგეხსენებათ, რაოდენ ძვირფასია მაჭახელა ჩვენთვის, რაოდენ ემოციურია ჩვენი დამოკიდებულება ამ ისტორიული ხეობის მიმართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის. ძალიან ბევრი რამ გადაიტანა ამ ხეობამ, მაგრამ ის ყოველთვის იყო ქართველობის გამტანი. სწორედ ამიტომაა საამაყო მაჭახლელობა. გილოცავთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობასაც და სახალხო დღესასწაულსაც“,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.

სახალხო ზეიმზე, რომელიც მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, დაჯილდოვდნენ „საპატიო მაჭახლელები“.

ტრადიციული ასპარეზობების პარალელურად, დღესასწაულის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საგანგებოდ მოწყობილ სივრცეებში დაეგემოვნებინათ მაჭახლის ხეობის გამორჩეული პროდუქცია, ტრადიციული კერძები, შეეძინათ ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთები, გაცნობოდნენ მაჭახელას ეროვნულ პარკსა და დაცულ ლანდშაფტს.

„მაჭახლობა 2026“ საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და მოწვეული შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

სახალხო დღესასწაული, რომელსაც აჭარის მთავრობის წევრები, მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე -სოფიო ბაკურიძე, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ისტორიულ ხეობაში 2007 წლიდან აღინიშნება.

სურათები