საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

18.სექტემბერი.2026

ბათუმში, ახლად აშენებულ 21-ე საჯარო სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. 1 400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან - გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრთან - რევაზ სოხაძესთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან ერთად დაესწრნენ. 

„ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება . ამასთან, აჭარაში დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 50 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, N 61-ში აშენებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლას აქვს სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, ღია მოედანი. 

საზეიმო ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური და რეგიონული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სურათები