საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

17.სექტემბერი.2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 65 წარჩინებული მოსწავლე პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა.

სტიპენდიანტებს წარმატება მიულოცეს და დამსახურებული ჯილდოები გადასცეს:აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა - მინდია დიასამიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ზაზა დიასამიძემ და ღონისძიების საპატიო სტუმარმა - სოფიო ბაკურიძემ. 

„ ეს არ არის მხოლოდ დაჯილდოება. ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვაა, იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებსაც სურთ მიიღონ განათლება და შემდგომში ეს განათლება საკუთარ ხალხს, ქვეყანას მოახმარონ. გარდა ამისა, ეს არის ისტორიის პატივისცემა, როცა კონკრეტული, გამოჩენილი მოღვაწის სახელს ატარებს აღნიშნული სტიპენდია. ასეთი, საამაყო პიროვნება ხელვაჩაურისთვის და სრულიად საქართველოსთვის, გახლდათ პროფესორი - ალექსანდრე მსხალაძე. თავისთავად ცხადია, რომ სტიპენდიის ლაურეატებისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, ეს სტიმულია საკუთარ თავთან გააგრძელოთ მუშაობა და იყოთ წარმატებულები. რაც უფრო მეტი წარმატებული ახალგაზრდა გვეყოლება, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყანა“ , - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.

,,მოსწავლეთა სტიპენდიის'' პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების წახალისება და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებაა. პროგრამით მოსარგებლე დამამათავრებელი კლასის მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და წელს სტიპენდია 65 მოსწავლემ დაიმსახურა. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საპატიო სტუმრებმა, მოსწავლეებს, სტიპენდიასთან ერთად, სუვენირები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

სურათები