ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი 2026“ ჩატარდა, რომლის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე,ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გივი მიქანაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი დაესწრნენ.
ფესტივალი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენას, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერებასა და მეცნიერების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილ სამეცნიერო პავილიონებში, ინტერაქციულ და საგამოფენო სივრცეებში სხვადასხვა უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სტუდენტებისა და მოსწავლეების კვლევების შედეგები, სამეცნიერო პროექტები, ინოვაციური იდეები და ტექნოლოგიური მიღწევები იყო წარმოდგენილი. მოსწავლეებისთვის ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი 2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა.




























