აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარესთან - დავით ბაციკაძესთან, განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
„ყველაზე დიდი წარმატება იწყება განათლებით და პატრიოტიზმით. ჩვენი ქვეყნისთვის განათლება ყოველთვის იქნება პრიორიტეტი. საქართველოს მთავრობამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საზოგადოების მაღალი ჩართულობით, მთელი რიგი რეფორმები განახორციელა იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს ძლიერი, განათლებული, პატრიოტი და შეძლოს ქვეყნის განვითარება. დღეს, საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, არსებობს ყველა პირობა იმისა, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა მიიღოს კვალიფიციური, ხარისხიანი განათლება“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის პირველ და მეორე, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში კი, მუნიციპალიტეტის მერთან - ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალ სასწავლო წელს ბათუმს ოთხი ახალი სკოლა შეემატა, ორში კი, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
127-ე სასწავლო წელი იზეიმეს ბათუმის №2 საჯარო სკოლაში. ისტორიულ შენობას, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კაპიტალური რემონტი ჩატარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა მისი ინფრასტრუქტურა. ამასთან, ახალი სასწავლო წლისთვის გაიხსნა რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცეს პირველკლასელებს. წელს, აჭარაში, 5 658-მა ბავშვმა პირველად შეაღო სკოლის კარი. რეგიონის მასშტაბით კი, ჯამში, 73 000 მოსწავლისთვის დაირეკა სკოლის ზარი.






























