საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

14.სექტემბერი.2026

ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალურ საკითხთა კომიტეტში , აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს. სხდომაზე, რომელსაც  ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის  შესრულების  ანგარიში  - არჩილ სირაბიძემ წარმოადგინა, ხოლო  ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით,  ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშით, თანამოხსენებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე წარდგა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით, ტრადიციულად გამოირჩევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უწყების ბიუჯეტი 87 მილიონი ლარია და ამასთან, ის ყოველწლიურად მზარდია, რაც ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მოსახლეობის მეტ მხარდაჭერასა და შესაბამისი პროგრამების დაფინანსების ზრდას ითვალისწინებს.

წელს, უწყება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს პოლიტიკის შემუშავებისა და მართვის, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობის, სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის, მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფის და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამებს ახორციელებს. 

მინისტრის განცხადებით, პროგრამების ნაწილი, რომლებიც მოსახლეობის მაღალი მომართვიანობის გამო 100 %-ით შესრულდა, ბიუჯეტის მოქნილობის ხარჯზე, ბენეფიციართა სრული სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას აგრძელებს.

როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, სოციალური მიმართულებით, სამინისტროს ბიუჯეტით 28 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეკომიგრანტებისა და სტიქიით დაზარალებულთათვის გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში,  უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილებულია 91 ოჯახი, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან - 618 ოჯახი.

თანამომხსენებელმა ინფორმაცია წარმოადგინა საქვეუწყებო დაწესებულებების -  სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და   სსიპ დასაქმების სააგენტოს პროგრამებსა და საბიუჯეტო პარამეტრების შესრულებაზე.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სურათები