უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების საკომიტეტო განხილვა დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, შესაბამისი მოხსენებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - არჩილ სირაბიძე წარდგა.
მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები - 103 %-ით, შემოსავლები - 109,9 %-ით, გადასახადების ნაწილში კი - 109,8 %-ით შესრულდა. ამასთან, გადასახდელები მთლიანი ბიუჯეტის 69,1 %-ს შეადგენს.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, ყურადღება გამახვილდა განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებებზე.
არჩილ სირაბიძის განცხადებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორი კვარტლის გეგმის შესრულების მაჩვენებელი 78 %-ს შეადგენს. უწყება 5 პროგრამას ახორციელებს და მისი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლების რეაბილიტაციაზე იხარჯება. სამინისტრო, ასევე ახორციელებს მოსწავლეთა ტრანსპორტირების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობის, საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამებს. ამ ეტაპზე, აჭარაში, 11 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი დასრულების ეტაპზეა. 22 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, ხოლო 10 ახალი სკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო შესყიდვების პროცედურებია დაწყებული.
საანგარიშო პერიოდში, კულტურის სამინისტრომ, გეგმა 80 %-ით შეასრულა, რაც, ასევე მაღალი მაჩვენებელია.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.








