„დაახლოებით 220 წლის განმავლობაში, ეს ხეობა ინახავდა ქართველობას, რელიგიას, დამწერლობას, ქართულ გვარებს, ყველაფერს, რაც ჩვენი ისტორიული საგანძურია. ქვეყნისთვის ურთულეს ერთ-ერთ ეტაპზე, სწორედ ხინოწმინდამ შეასრულა ქართველობის შენარჩუნების მისია. მნიშვნელოვანია, რომ ხინოწმინდის ისტორია, მისი როლი ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოებშიც სათანადოდ იყოს წარმოჩენილი. განსაკუთრებული მადლობა უხუცესებს, რომლებიც ინარჩუნებენ ხეობის ტრადიციებს და არიან ხიდი წარსულსა და დღევანდელობას შორის“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამართულ „ხინოწმინდობის“ დღესასწაულზე.
ტრადიციული სახალხო ზეიმი, რომელიც ხინოწმინდის სამონასატრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღინიშნა, ადგილობრივებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ირაკლი ცეცხლაძემ და ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მამა ევდემოზმა მიულოცეს.
წლევანდელი „ხინოწმინდობა“ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს მიეძღვნა და სახალხო დღესასწაულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ტრადიციული ზეიმის დაწყებამდე, არქიმანდრიტმა ევდემოზმა, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინა.
ხინოწმინდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ საპატიო "ხინოწმინდელები", შესრულდა საგალობლები, მუსიკალური ნომრები.
,,ხინოწმინდობა" 2015 წლიდან აღინიშნება.
საზეიმო ღონისძიებებს აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო წრეების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ხეობის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.














































