ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში, სახალხო ზეიმი „ჩაქვისთავობა“ აღინიშნა. ადგილობრივებს ტრადიციული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფატი ხალვაშმა, ქობულეთის მერმა - ირაკლი ცეცხლაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„ჩაქვისთავი, საოცარი ხეობა, ბუნების ქმნილება და საჩუქარია, რომელსაც უდიდესი სტრატეგიული და ისტორიული დანიშნულება აქვს. ეს არ არის მხოლოდ ისტორია - დღევანდელობაშიც, როგორც ამბობენ, წყალი სიცოცხლის მთავარი ნიშანია და ჩაქვისთავი, არა მხოლოდ ბათუმს, არამედ ქედის ნაწილსაც ამარაგებს სასმელი წყლით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ეს ხეობა ყოველთვის იყო ცენტრალური გზა და ქართველობის დაცვის მთავარი პულსი. მან უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის, ფოლკლორის, მუსიკის, ეროვნული სამოსის შექმნასა და შენარჩუნებაში“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ადგილობრივებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ სახალხო დღესასწაული მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთის განვითარების მიმართულებით პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება.
სახალხო ზეიმზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეში გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, მოეწყო სპორტული შეჯიბრებები და ადგილობრივი ტრადიციული კერძების მასტერკლასი.
ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ საპატიო ჩაქვისთაველები. სახალხო ზეიმი კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ვეტერანი ქორეოგრაფები მონაწილეობდნენ.
"ჩაქვისთავობას" ქობულეთის საქართველოს პარლამენტის წევრი - ზაალ მიქელაძე, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
























