„ზოგადად, მასწავლებლობა ყველაზე მადლიანი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიაა. ის მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს - მასწავლებელი ადამიანის აღზრდას, მის ეთიკურ და ზნეობრივ ჩამოყალიბებას, ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის გაღვივებას, ყველაფრის კომპლექსურად შექმნას ემსახურება. მასწავლებელი, საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემს მომავალ თაობას. სწორედ ეს უწყვეტი ჯაჭვი ქმნის საბოლოოდ კაცობრიობის სულიერი და ინტელექტუალური უკვდავების საფუძველს. თქვენ ხართ ჩვენი ძლიერი, გენიალური და სოლიდარული ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი, მისი ცოდნის, ღირებულებებისა და უკვდავების ფორმულა“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე.
ღონისძიებას, რომელიც აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა გახსნა, ესწრებოდა კონკურსების - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ , „ჩემი დამრიგებელი“ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით, უცხოეთში (პოლონეთში) სტაჟირების კონკურსში გამარჯვებული 160 პედაგოგი.
პედაგოგებს დამსახურებული წარმატება მიულოცა და განათლების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ.
„პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში, დღემდე, 261 მასწავლებელი დაფინანსდა. 50 გამარჯვებული პედაგოგი ყოველთვიურად 500-ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს. გარდა ამისა, მათ, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საგანმანათლებლო რესურსების შესაძენად ეძლევათ 1000 ლარი.
პროექტი - „ჩემი დამრიგებელი“ 2026 წელს იწყება. კონკურსით შერჩეული 100 გამარჯვებული დამრიგებელი, 2026–2027 სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 250-ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს.
4-11 ოქტომბერს პოლონეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის უცხოეთში სტაჟირების კონკურსში საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით გამარჯვებული 10 მასწავლებელი. აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4-10 ივნისს, ქვემო სილეზიის სავოევოდოდან აჭარაში უკვე იმყოფებოდა 10 პოლონელი მასწავლებელი.
პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მთავრობის წევრები, ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები,მუნიციპალიტეტების მერები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.







































