აჭარაში თხილის გადამუშავების სეზონი აქტიურ ფაზაშია. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - მინდია დიასამიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან - დენის სალუქვაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზაზა დიასამიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ საწარმოს მუშაობას, დაათვალიერეს შენობა. მათი განცხადებით, თხილი ჩვენი მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა და მისი წარმოების განვითარება, ექსპორტზე გატანა სახელმწიფოს ინტერესებშია.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შპს „აჭარა თხილის“ საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან შეუფერხებლად იღებს. აქ, სეზონის განმავლობაში, 300 ტონამდე თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. წარმოებული პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ევროპის ქვეყნებში. ამჟამად საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.








