საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

07.სექტემბერი.2026

ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) მასპინძლობს. ფორუმის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან - მარიამ ქვრივიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - გიორგი ცინცაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.  

 

ფორუმი სახელწოდებით - „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“ ორ დღეს გაგრძელდება და 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი „შუა დერეფნის“, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის, საქართველოს როლის, საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და წესრიგის საკითხებს განიხილავს.   

საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - მარიამ ქვრივიშვილმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა - არსენიო დომინგესმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ.

„საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს, ჩვენ ვართ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. 2032 წლამდე ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. 

 ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზღვაო ფორუმის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში, 2030 წლისთვის, შუა დერეფანში ტვირთნაკადები, შესაძლოა, გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო - განახევრდეს.

GIMF 2026 საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმაა, რომელიც სახელმწიფო უწყებების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მსოფლიო საზღვაო სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის საშუალებას აძლევს. განიხილება შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების საკითხები. 

ფორუმში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. 

GIMF 2026-ის მონაწილეები, ორი დღის განმავლობაში, ბათუმში, ხუთი პანელური დისკუსიის ფარგლებში, რეგიონულ სატრანსპორტო კავშირებსა და გლობალური ვაჭრობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

სურათები