აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე „იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების“ რეგიონული ოფისის წარდგენას დაესწრო.
„იურისტთა საერთაშორისო გაერთიანება“ როგორც ცოდნის, გამოცდილების გაზიარების, ისე ახალგაზრდა იურისტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, ეს ორგანიზაცია იქნება წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული. ძლიერი იურისტთა კორპუსის არსებობა ქვეყანაში, ყველა დონეზე, იქნება ეს სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილი, არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და წარმატებული“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიება მიზანად ისახავდა ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებების, რეგიონული პროექტების, განხორციელებული ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოების, პროფესიული წრეებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას.
აჭარის რეგიონული ოფისის ოფიციალურ წარდგენის პარალელურად, ყურადღება გამახვილდა „იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, რეგიონთან ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ პროგრამებზე, ადგილობრივი პროფესიული საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობებზე, ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერის ინიციატივებზე, მენტორობის პროგრამებსა და საერთაშორისო პროფესიულ ქსელებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
როგორც აღინიშნა, ღონისძიება შექმნის მნიშვნელოვან პლატფორმას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, განიხილონ სამართლებრივი პროფესიის განვითარების აქტუალური საკითხები და იმსჯელონ საერთაშორისო თანამშრომლობის, პროფესიული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
„იურისტთა საერთაშორისო გაერთიანების“ აჭარის რეგიონული ოფისი წარდგენას ესწრებოდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, დელეგატები, მენტორები, იურისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.


















