აჭარის მთავრობის ხელშეწყობითა და თიბისი კაპიტალის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ბიზნესფორუმი კურორტზე ახალი ინვესტიციების მოზიდვას და მის ოთხსეზონიან განვითარებაში ბიზნესსექტორის ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად.
საინვესტიციო კონფერენციაზე, ინვესტორებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს. საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა, კონფერენციაზე, თიბისი კაპიტალის გუნდმა წარმოადგინა. რაც შეეხება გოდერძის განვითარების გეგმებსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს, მონაწილეებმა ინფორმაცია აჭარის მთავრობის წარმომადგენლებისგან მოისმინეს.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ, თიბისის ბანკის გენერალურმა დირექტორმა - გიორგი თხელიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ და თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე- პრეზიდენტმა - ირინა კვახაძემ.
როგორც აღინიშნა, აჭარა საინვესტიციო თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია ქვეყნის მასშტაბით, სადაც არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა სექტორში. დღეს კურორტ გოდერძიზე უკვე 9 სასტუმროკომპლექსი ფუნქციონირებს, მათ რიცხვს, უახლოეს მომავალში კიდევ 20-მდე ახალი მსგავსი ობიექტი შეემატება.
ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს კურორტის ინფრასტრუქტურა და განვითარების შესაძლებლობები, ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა.
კონფერენციას ესწრებოდნენ:აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი - ჯაბა სურმანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე - რენარ ბოლქვაძე, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნესსექტორის და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები.





















