აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - ირაკლი ცეცხლაძესთან და საქართველოს პარლამენტში ქობულეთის დელეგატთან - გია ჭყონიასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მმართველი გუნდის წევრებმა ქობულეთის №1 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. სკოლაში დასრულების ეტაპზეა ახალი, ღია, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მოწყობა. განხორციელდა არსებული საჩოგბურთო კორტებისა და სკოლის ფასადის რეაბილიტაცია. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, მომდევნო წელს, დაგეგმილია სკოლის შიდა სივრცის სრული რეაბილიტაცია.
ხელისუფლების წარმომადგენლები ქობულეთის №2 საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმების მიღების პროცესსაც დაესწრნენ.
"მოვინახულეთ საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენობების მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს მოსწავლეთა უსაფრთხოებას და შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს ხარისხიანი განათლების მისაღებად, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა.
ასევე გავეცანით ერთ-ერთ სკოლაში სასკოლო ფორმების მიღების პროცესს. სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით არსებული კრიტიკის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი საერთაშორისო პრაქტიკისა და კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე განვიხილოთ. ფორმების შემოღებას არაერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - ხელს უწყობს მოსწავლეებში თანასწორობის განცდის გაძლიერებას, ბულინგისა და სოციალური განსხვავებების შემცირებას, დისციპლინისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ამასთან, ის ოჯახებისთვის გარკვეულ ფინანსურ შეღავათსაც წარმოადგენს,"- განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ წყავროკას საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნენ.
სოფელ წყავროკას საჯარო სკოლაში მიმდინარეობს შენობის შიდა სივრცის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სახურავისა და ფასადის განახლება, ღობისა და ეზოს კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულებამდე სოფელ წყავროკას საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს სოფელ ლეღვას №1 საჯარო სკოლაში დაიწყებს. მოსწავლეების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ წყავროკას საბავშვო ბაღშიც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კედლების დემონტაჟი, სველი წერტილების მოწესრიგება, გათბობის სისტემის მონტაჟი, ასევე ეზოსა და ფასადის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულება 2027 წელსაა დაგეგმილი.
მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. პარალელურად, მუნიციპალიტეტში ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს.































