აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და ოჯახებისთვის გადაცემის საკითხთა საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელ გოგი ფაცაციასთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ცოტნე ანანიძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აგრძელებს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტების მოძიებას.
„შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და სტიქიურმა უბედურებებმა 2 000-მდე ჩვენი თანამემამულე უგზო-უკვლოდ დაკარგულად აქცია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად აჭარის უმაღლესი საბჭო, აჭარის მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობა შეუერთდნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესს განაგრძობს, რასაც უდიდესი ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობლების ბედის გაურკვევლობის გამო დაუსრულებელ გლოვაში იმყოფებიან“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ღონისძიება ბათუმში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.
მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მთავარი მიზანი დაკარგულ ადამიანთა ხსოვნის პატივისცემა და იმ მძიმე პრობლემის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, რომელსაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები წლების განმავლობაში აწყდებიან.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, დღემდე, დაახლოებით 1900 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს რამდენიმე ქალაქში - თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში - გაიმართა.














