საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

30.აგვისტო.2026

აჭარის მაღალმთიანეთში "ტბელობა" აღინიშნა. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

“ტბელ აბუსერისძის მოღვაწეობა, საქმიანობა, მისი სამეცნიერო ნაშრომები, უპირველესად, ქართულია და სახალხო. ის მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კავშირი ჰქონდა გელათის აკადემიასთან. ამასთან, მისი ჰიმნოგრაფია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი საგანძურია, რომლითაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სრულიად საქრისტიანო სამყარო ამაყობს,“- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აბუსერისძე ტბელის სახელობის მუნიციპალური პრემია გადასცა გივი აბაშიძეს, სამართლის დაცვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის.

ადგილობრივებს ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს: აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა - მინურ პაქსაძემ, ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

ტბელობას“ ხულოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, აბუსერისძე ტბელის მშობლიურ, სხალთა-ხიხანის ხეობაში ყოველწლიურად ზეიმობენ. სადღესასწაულო ღონისძიებებს, ადგილობრივებთან ერთად, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოსი, მეუფე სპირიდონი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. „ტბელობა“, ტრადიციულად, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნა.

 სხალთა-ხიხანის მკვიდრი, XIII საუკუნის მწერალი, მეცნიერი და მოაზროვნე, საერო და სასულიერო პირი ტბელ აბუსერისძე, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწეა. მის მიერ საუკუნეების წინ, 1223 წელს შედგენილი ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, დღემდე აქტუალურია. ეს არის ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი, ვრცელი საკალენდრო ცნობარი, რომელშიც განხილულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა თუ მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ტბელ აბუსერისძე წმინდანად 2002 წლის 17 ოქტომბერს შერაცხა.

სადღესასწაულო ღონისძიებების დაწყებამდე, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში, აბუსერისძე ტბელის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.

სურათები