ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - მინურ პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან, ხულოს მერთან - ვახტანგ ბერიძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან - ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივთა საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა მიზანი მაღალმთიანეთის გაძლიერება და იქ მცხოვრებთათვის ყოფითი, სოციალური და სხვა პირობების გაუმჯობესებაა.
„მთიანი რეგიონების გაძლიერება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქაური სოფლებისთვის ეკონომიკური გაძლიერების წინაპირობას ქმნის, რაც ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებითაც დასტურდება“, - აღნიშნა მინურ პაქსაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მთა ლოდიძირზე მიმდინარე ელექტრო-გადამცემი ქსელის მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ლოდიძირის იაილაში 7 830 მეტრი სიგრძის ახალი 0,4 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გაკეთდება. ამასთან, სრულად განახლდება არსებული ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა. გამოიცვლება არსებული ელექტროგადამცემი ბოძები და ძველი ხის ბოძებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლითონის ბოძებით ჩაანაცვლებენ. პროექტი, ჯამში, 265 ახალი ელექტროგადამცემი საყრდენის მოწყობას ითვალისწინებს, სრულად განახლდება ელექტროგადამცემი ქსელის კაბელები.
ამავე პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება ელექტრომოწყობილობები, საყრდენების დამიწების სისტემა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურა აქ არსებულ იალაღებს სტაბილურად და უსაფრთხოდ მოამარაგებს ელექტროენერგიით.












