საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქ სალონიკში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაში ქართული დიასპორებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში, არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა რელიგიური კუთხით, ყველაზე ღირებული და ძვირფასი სიწმინდე - „წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ წარადგინა, რომელიც ისტორიული რედაქციის შევსებული ვარიანტია და მასში ყველა დეტალი და მინიატურა მაქსიმალურად დაცულია.
„წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ გამოიცა ფონდ „კანანელის“ ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, აფხაზეთის მთავრობის, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი - მამუკა კაკაბაძე, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ლადო მგალობლიშვილი, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერები - გენადი ბალანჩივაძე, გიორგი ნაჭყებია და დელეგაციის სხვა წევრები.
















