საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

12.აგვისტო.2026

„გენიალურად აქვს ნათქვამი ნოდარ დუმბაძეს: „მეც ხომ ვიყავი შენხელა და შენც ხომ გახდები ჩემხელა“. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია ენთუზიაზმი, მხარდაჭერა და დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ.

დღეს მნიშვნელოვანი დღეა - კიდევ ერთხელ დაფიქრების შესაძლებლობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყველა თაობის წინაშე დგას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს შევუქმნათ თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა და შესაბამისი გარემო.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა და ჩართულობა ასეთ პროექტებში და, რა თქმა უნდა, თქვენი გონებითა და შემართებით იმ პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული განვითარებაზე, მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და კონსერვატიულ-დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე და მისი მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, რომლებსაც ცოტნე ანანიძემ  ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფორუმი მონაწილეობითი პოლიტიკის საკითხებს დაეთმო. მონაწილეებმა საჯარო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს, საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები წარმოადგინეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ახალგაზრდები თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავეს.

ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ეფექტიანი მონაწილეობის გაზრდა.

ფორუმს უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ახალგაზრდულ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

ახალგაზრდობის რეგიონული ფესტივალი 12-13 აგვისტოს ბათუმში, ღია სივრცეში, „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები.

სურათები