11 აგვისტოს, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა — ცოტნე ანანიძემ , ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერთან - გიორგი ცინცაძესთან, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს, სენაკის მე-2 ბრიგადის 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისთან, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა.
შინდისის ბრძოლა საქართველოს უახლეს ისტორიაში გმირობის, თავდადებისა და სამშობლოს ერთგულების ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითად დარჩა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.



























