საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

10.აგვისტო.2026

ქედის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ნადიმ ვარშანიძემ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და ქედის მერთან - მამუკა თურმანიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ხელისუფლების წარმომადგენლები მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის, სოფელ მერისის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ - ახალი გზა მერისის ხეობას შუახევის მუნიციპალიტეტთან და ღომას მთასთან დააკავშირებს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს.

ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, ქედის ცენტრალურ პარკში აქტიურ ფაზაშია სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობაც, ამასთან, მუნიციპალიტეტში, სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდება.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დავათვალიერეთ მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც. მისი დასრულების შემდეგ, სრულად განახლდება სასწავლო გარემო და სკოლა თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. სკოლა 100 მოსწავლეზე იყო გათვლილი, განახლებულ სასწავლო დაწესებულებაში კი 300 მოსწავლე მიიღებს განათლებას. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება და მოსწავლეები თანამედროვე, კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ სწავლას“, - აღნიშნა ნადიმ ვარშანიძემ.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზეც. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს არსებულ საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სოფელ მერისში 3,3-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გზის გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დაგებულია არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი, ამჟამად კი, აქ უკვე ხელოვნური და დამცავი ნაგებობები შენდება. პროექტი წელს უნდა დასრულდეს.

ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა -ზაზა შავაძემ, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ - ამირან ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა - ანზორ ბოლქვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

სურათები