აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან - დენის სალუქვაძესთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ და უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს.
„ეს ღონისძიება, პირველ რიგში, ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი აქტიურობით, პასუხისმგებლობითა და გულწრფელი შრომით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსის, ტყისა და ბუნების დაცვას. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს მზაობას, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და უზრუნველყოს სატყეო სექტორი შესაბამისი ტექნიკით, საჭირო აღჭურვილობით. აჭარის უმაღლესმა საბჭომ და საქართველოს პარლამენტმა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგულაციები მიიღეს, მათ შორის, მაჭახელას დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწა კვლავ გაგრძელდება, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას უკავშირდება,"- განაცხადა შეხვედრაზე ცოტნე ანანიძემ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც ტყის რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და ეკოსისტემების დაცვას ისახავს მიზნად. აღინიშნა, რომ გრძელდება ახალი სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა და არსებული გზების რეაბილიტაცია. განხორციელდა ტყის აღდგენისა და განახლების, ასევე სანერგე მეურნეობის განვითარების და სხვა აქტივობები.
პარალელურად, დაწყებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ეკოტურიზმის განვითარებასა და ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების დასასრულს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააგენტოს ბალანსზე არსებული ტექნიკა დაათვალიერეს.
შეხვედრას ხელვაჩაურისა და ხულოს დელეგატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - მინდია დიასამიძე, ანზორ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მერი - ზაზა დიასამიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.































