საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

09.აგვისტო.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში საერთაშორისო საზაფხულო ბანაკს ესტუმრა და აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.

"მსგავსი საერთაშორისო ბანაკები მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა. სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც შეუძლია მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, ეს დღეები თქვენთვის იქნება ახალი ცოდნის, საინტერესო გამოცდილებისა და მტკიცე მეგობრობის დასაწყისი. იშრომეთ თავდაუზოგავად, ისწავლეთ გულმოდგინედ და ყოველთვის ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების. თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები. სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, პატივითა და პასუხისმგებლობით ატარეთ საქართველოს სახელი",- განაცხადა ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

ათენის საზაფხულო ბანაკში 11-დან 14 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი და აჭარაში რეგისტრირებული მოზარდები მონაწილეობდნენ. ორი კვირის განმავლობაში, ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ პროგრამაში. მათთვის ასევე მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები ათენის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებში.

საერთაშორისო ბანაკის პროექტს აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ ათენის მერიასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოსა და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.

სურათები