ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინური პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან - ვახტანგ ბერიძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აგარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საბავშვო ბაღი. შენობაში მოეწყობა საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და ბავშვების სრულფასოვანი აღზრდისა და მოვლისთვის საჭირო სხვა ფუნქციური სივრცეები.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ეზოს კეთილმოწყობას, სადაც ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და ადაპტირებული გარემო შეიქმნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები.
საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დიდაჭარის ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობაც. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, კეთილმოეწყობა წყარო, აშენდება საყრდენი ფერდსამაგრი კედელი, დაიგება ქვაფენილი და მოეწყობა თანამედროვე გარე განათების სისტემა.
მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ასევე განხორციელდება რიყეთისა და აგარის ადმინისტრაციული ცენტრების მოწყობა, რაც სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.








