აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მინურ პაქსაძე და ნადიმ ვარშანიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და აკადემიურ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განვითარების პერსპექტივები და ციფრულ გამოწვევებთან ადაპტაციის საკითხები.
აღინიშნა, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც მრავალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი აღზარდა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის საზღვაო განათლების განვითარებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აკადემიის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროგრამა ხორციელდება.
მიმდინარე წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 2 500 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს საზღვაო განათლების გაძლიერებას, სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, სასწავლო პროგრამების განახლებას, უმაღლესი განათლების რეფორმის ეფექტიან განხორციელებას.
შეხვედრას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე ესწრებოდნენ.






















