საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

27.ივლისი.2026

„კულტურა ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების უმნიშვნელოვანესი და მყარი ხიდია. დღეს სწორედ ასეთი ორმხრივი თანამშრომლობისა და კულტურული სინთეზის ნათელი მაგალითია საქართველო, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა  და იაპონია, რომელსაც უნიკალური ადგილი უკავია არა მხოლოდ კულტურისა და განათლების, არამედ მრავალი სხვა წამყვანი სფეროს მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის ფესტივალს სწორედ ქალაქი ბათუმი მასპინძლობს“,- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, ბათუმის ბულვარში, იაპონური კულტურის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს - ზურაბ პატარაძეს, კულტურის მინისტრს - ელისო ბოლქვაძეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს - ტიტე აროშიძეს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და ყველა იმ პირს, ვინც ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ოფიციალური ნაწილისა და მისასალმებელი სიტყვების დასრულების შემდეგ, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონური კულტურის მრავალფეროვნებას, მათ შორის,  ტრადიციულ ხელოვნებას, მუსიკას, ცეკვას, საბრძოლო ხელოვნებას, კალიგრაფიასა და კულინარიას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შემოქმედებითი ვორქშოფები და გამოფენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც იაპონიიდან მოწვეული სპეციალისტები და მოხალისეები, ისე ადგილობრივი ახალგაზრდები და შემოქმედებითი ჯგუფები.

ფესტივალს ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, მინურ პაქსაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები.

სურათები