აჭარის მაღალმთიანეთში შიდასასოფლო და ცენტრალური გზების რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მინურ პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ედნარ ნატარიძესთან ერთად გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს ბათუმი–ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის შუახევი-ხულოს მონაკვეთი, სადაც სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, ასევე დანისპარაული-მწვანე ტბა-შავი ტბა- გოდერძის უღელტეხილის დამაკავშირებელ და ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 69-79-ე კილომეტრზე 13.3-კილომეტრიან მონაკვეთზეც, რაც შეეხება დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით მიმდინარე 6.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს.
გრძელდება ხულო–ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციაც. აქ უკვე ეწყობა ავტობუსის მოსაცდელები, ზედა და ქვედა საყრდენი კედლები. ჯამში, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები 47-კილომეტრიან გზას მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეწყრულ მონაკვეთებს, ფერდების გამაგრებას, ჭაბურღილების ბურღვა-მოწყობასა და საყრდენი კედლების მშენებლობას. განახლებული, შემოკლებული და უსაფრთხო გზა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობას დაახლოებით 1.5 საათით შეამცირებს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს: აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ნადიმ ვასაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - რენარ ბოლქვაძე.






















