აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის დაარსებიდან 15 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრო.
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული საღამო გურამ თამაზაშვილის შემოქმედების, მისი ღვაწლისა და კულტურული მემკვიდრეობის დაფასებას მიეძღვნა. ღონისძიებაზე გაიხსენეს საინტერესო და აქამდე უცნობი ისტორიები მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
საიუბილეო გალა კონცერტი ტრადიციისა და თანამედროვეობის შერწყმას წარმოადგენდა. მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ სამი თაობის ცნობილი ქართველი სოლო შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები.
ფესტივალის მიზანია ქართული ქალაქური სიმღერის პოპულარიზაცია, მისი კულტურული ღირებულებების წარმოჩენა და ამ მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობის მომავალი თაობისთვის გადაცემა.
გურამ თამაზაშვილი იყო ანსამბლ „ქართული ხმების“ ლეგენდარული სოლისტი და ანსამბლ „ალილოს” დამაარსებელი. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქური ჟანრის სიმღერების განვითარება. იგი გახლავთ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი.
შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი - ზაალ მიქელაძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ვლადიმერ მგალობლიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გურამ თამაზაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ქალაქური სიმღერის მოყვარულები.






























