ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა იწყება. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მშენებლობის დაწყება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აკურთხა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი სურვილი იყო.
საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება. პროექტი ითვალისწინებს 150 ხანდაზმულზე გათვლილ ზრუნვის 24-საათიან სერვისს. კომპლექსში განთავსდება 100 ხანდაზმულზე გათვლილი დღის ცენტრი, სკოლამდელი აღზრდის ცენტრი და ინკლუზიური სწავლების ჯგუფი 150 აღსაზრდელისთვის.
„ბეთლემში“ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარები იცხოვრებენ. სავანე ბათუმში უკვე 31 წელია ფუნქციონირებს.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „გუმბათი“ შეასრულებს. პროექტი, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება.
ღონისძიებას სასულიერო პირები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ კვირიკეში წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს.
სოფელ კვირიკეში მშენებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი 3 გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოს, სატრაპეზოს და გიმნაზიას მოიცავს. გიმნაზიის შენობაში განთავსდება სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი ტრადიციულ რელიგიურ დისციპლინებთან ერთად კომპიუტერულ მეცნიერებებს და სხვა დარგებს შეისწავლიან.























