აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქობულეთში, რეაბილიტირებული „ჩელე არენა“ დაათვალიერეს.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძესთან და ქობულეთის მერთან, ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, საფეხბურთო ტურნირის - „ჩელეს თასის“ პატარა მონაწილეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
„ჩელე არენაზე“ ამჟამად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის გარეგანათების სისტემა, რომელიც სტადიონს სხვადასხვა დონის ჩემპიონატებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, გრძელდება შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
ხელისუფლების წარმომადგენლები ქობულეთში, ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, ადგილზე ეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა - დეკორატიული სკამები, ფანჩატურები, საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი კუთხეები, გარეგანათების სისტემა.
სპორტული ინფრასტრუქტურა ასევე დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის წევრმა- გია ჭყონიამ, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა - ლევან კვანტალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.











