საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

09.ივლისი.2026

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოში ახალგაზრდული ინიციატივის წარდგენას დაესწრო.

   ახალი მრავალპროფილური ინიციატივის პრეზენტაცია – „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ - ივანე მაისურაძემ გახსნა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე ისაუბრა.

  ინიციატივის მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა და საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, როლის წარმოჩენაა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების პროცესში. ინიციატივა ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის თანამშრომლობისა და იდეების გაზიარების პლატფორმის შექმნას, სადაც ისინი მუნიციპალური განვითარების საკითხებზე საკუთარი ხედვების, ინიციატივებისა და წინადადებების წარდგენას შეძლებენ. 

  ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, ქალაქ ბათუმის საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინკლუზიური დასი - „ცისარტყელა“ მინიატურით - „ბათუმი“ (რეჟისორი ნიკა ტუღუში) წარდგა. დასის ჩართულობამ სიმბოლურად გამოხატა ერთობა, თანასწორობა, სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელობა და მუნიციპალური მხარდაჭერის როლი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანების პროცესში. პატარა მსახიობებს სიმბოლური საჩუქრები აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ივანე მაისურაძემ გადასცეს.

  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეებმა - ნანა დევაძემ და თამარ ორაგველიძემ, პრეზენტაციასთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას ბათუმისა და ქალაქის საკრებულოს ისტორიული განვითარების ეტაპებზე, თანამედროვე სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში თვითმმართველობის ტრადიციების მნიშვნელობასა და როლზე მიაწოდეს ინფორმაცია.

  საკრებულოს ფოიეში წარმოდგენილი იყო ძველი ბათუმის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

 

სურათები