აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. სამმხრივ შეხვედრაში სამივე დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები მონაწილეობდნენ. სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ ყურადღება გაამახვილა იმ დიდ გამოცდილებაზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია.
"დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სამივე დონის ხელისუფლების წარმომადგენლები შევხვდეთ, ფოკუსირებული ვიყოთ ქალთა და ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სამივე დონის ხელისუფლებას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება აღნიშნული საკითხების გადაჭრაში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო სურათში, საქართველოს მიღწევები გაზიარებული იყოს სხვა ქვეყნებში", - განაცხადა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი საბჭოების, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომის მთავარ მიზანს ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება, ქალთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, არსებული გამოწვევების ერთობლივი ანალიზი და სამომავლო სტრატეგიული ნაბიჯების დასახვა წარმოადგენდა.
სხდომაზე აქტუალურ თემებზე მოხსენებით წარდგა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში. მომხსენებელმა, სხდომის მონაწილეებს, საბჭოს სამოქმედო გეგმასთან ერთად, მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ბათუმის მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმა, პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები ასევე წარმოადგინა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარემ - ნატალია ზოიძემ. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ - მარიამ ლაშხმა კი, გამოსვლაში, ხაზი გაუსვა ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე ინიციატივებს.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობას ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და სტრატეგიული გეგმების კოორდინირებულად განხორციელების პროცესში.



























