აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან - ზვიად გაბისონიასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
შეხვედრა ბსუ-ს რექტორმა - ტიტე აროშიძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდა, მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალური ინფორმაცია უშუალოდ ზვიად გაბისონიასგან მიეღო.
აკადემიურ პერსონალთან შეხვედრამდე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტში ახლახან ამოქმედებული სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“.
ცენტრი ახალგაზრდებისთვის კონფლიქტების, ისტორიული გამოცდილების, თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლისა და გააზრების ახალი საგანმანათლებლო სივრცეა. სტუდენტებს აქ აკადემიურ და პრაქტიკული შესაძლებლობებს სთავაზობენ მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების ანალიზის, დიალოგისა და შერიგების მიმართულებით. ზვიად გაბისონიამ სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში ჩანაწერი დატოვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ჯემალ სურმანიძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - მიხეილ დარახველიძე.















